აუცილებელია განისაზღვროს, რომელ ასპექტზე აპირებს ჯგუფი მუშაობას. ეს დაგეხმარებათ პროექტის მიზნის ჩამოყალიბებაში. როგორც კი განსაზღვრავთ ასპექტს, უკვე იწყებთ კონკრეტულ პროექტზე მუშაობას.
პროექტის მიზანი უნდა იყოს:
- კონკრეტული;
- გაზომვადი;
- მიღწევადი;
- რეალისტური;
- დროში განსაზღვრული.
მაგალითად, თქვენ შეისწავლეთ ტუბერკულოზის პრობლემა და გადაწყვიტეთ, რომ პროექტი ტუბერკულოზის საგანმანათლებლო ასპექტზე გააკეთოთ. ე.ი. თქვენი მიზანია, ადამიანების გარკვეულ ჯგუფს მიაწოდოთ მკაფიო და ამომწურავი ინფორმაცია ამ დაავადებაზე, მისი გავრცელების გზებზე, მის საშიშროებასა და ა.შ. მიზნის ჩამოყალიბების შემდეგ, კარგად მოიფიქრეთ, თუ რა ქმედებებია საჭირო მის მისაღწევად. თუკი ერთ-ერთ ასეთ ქმედებად სკოლის გარეთ პრეზენტაციას მოიაზრებთ, მაშინ თვითონ ეს ქმედება ცალკეულ ამოცანებად დაშალეთ (მაგ.: სტატისტიკის მოძიება, ვიზუალური მასალა, იმ ტექნიკის მოძიება, რომელიც დაგჭირდებათ და ა. შ.). ასე ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულებული ამოცანების გავლით, პროექტისათვის საჭირო ქმედებებს განახორციელებთ ისე, რომ მარტივიდან რთულამდე გზას წარმატებით გაივლით.
გარდა ამისა, აუცილებელია მოსალოდნელი შედეგების თავიდანვე ჩამოყალიბება. ეს დაეხმარება ჯგუფს პროექტის შესრულების ინდიკატორების შემუშავებაში.