ინფორმაცია კლუბების დანიშნულებასა და აქტივობებზე

კლუბი არის საერთო ინტერესებისა ან მიზნების მქონე ადამიანების ნებაყოფლობითი გაერთიანება. კლუბები სხვადასხვა მიმართულების შეიძლება იყოს: სპორტული, მუსიკალური, სამოქალაქო, რელიგიური, საზოგადოებრივი საქმიანობის, საქველმოქმედო საქმიანობის და სხვა. კლუბები უძველესი დროიდან არსებობს. სასკოლო კლუბების დაარსების პრაქტიკა მეტად გავრცელებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კლუბს უნდა ჰქონდეს სახელი, წესდება, სამოქმედო გეგმა, ჰყავდეს მეურვე. მეურვე უმეტესად მასწავლებელია, რომელიც დახმარებას უწევს კლუბის წევრებს მუშაობაში. ევროპის ბევრ სკოლაში ფუნქციონირებს სკოლის ევროპული კლუბი. ასეთი კლუბი არის ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაშიც. ეს არის ერთად მომუშავე მოსწავლეების გუნდი, რომლის წევრებიც იღრმავებენ ცოდნას ევროპის ისტორიაში, გეოგრაფიაში, ტრადიციებსა და კულტურაში, პოპულარიზაციას უწევენ ამ ცოდნას სკოლასა და ადგილობრივ თემში. მაგალითისთვის გაეცანით ერთ-ერთი ასეთი კლუბის წესდებას (დანართი 4).
 

პროექტისგან განსხვავებით, კლუბები უფრო ხანგრძლივ თანამშრომლობას გულისხმობენ. კლუბი გრძელვადიანი გაერთიანებაა, რომლის შემადგენლობა შეიძლება იცვლებოდეს, მაგრამ მუშაობის ძირითადი მიმართულებები უცვლელი დარჩეს. მაგალითად, საქველმოქმედო კლუბის არსებობა წლების მანძილზეა შესაძლებელი, რადგან ჩვენ გარშემო ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.