ჩემი ოქროს აკვარიუმი - გაგრძელება

– დედა, დედა, მუცელი მტკივა.

– არა უშავს, სახლში მალე მივალთ და ძილის წინ წამალს დაგალევინებ,

– მიპასუხა დედამ.

ნაბიჯს ავუჩქარეთ. ახლა უკვე გარკვევით ვხედავდი ჩვენს ეზოს. უჩვეულოდ დაცარიელებულს, თითქოს ყველა ერთდროულად გახიზნულიყო. მალე ჩვენი სადარბაზოც გამოჩნდა, ჩაბნელებული და მიტოვებული. მე ათასჯერ წაკითხული, „მოჩუქურთმებული“ ნაწერების კითხვა დავიწყე: გიოს + ლიზა = გულს! ძირს შევარდნაძე! კმარა ვარდნა!

დედა ჩანთაში გასაღებს ეძებდა, ნინოს პირი ჰქონდა ღია და თმებს იხვევდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ უკვე ძალიან ეძინებოდა.

თითქოს ყველაფერი კარგად უნდა დასრულებულიყო. დედას გასაღები უნდა მოეძებნა, სადარბაზოს კარი გაეღო, ჩვენ ამაოდ უნდა გვქონოდა ლიფტის მოსვლის იმედი. სახლში კიბით უნდა ავსულიყავით; დედა კარს გაგვიღებდა, თბილ, შოკოლადიან და ცოტა თხილიან ნამცხვარს გვაჭმევდა. შემდეგ წამალს დამალევინებდა. ძილის წინ მამაც მოვიდოდა, ყვითელ ფულს სკოლისთვის მომცემდა და მეც ტკბილად დამეძინებოდა, მაგრამ იმ დღეს ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო.

დედა ისევ გასაღებს ეძებდა. ქარმა ისე დაუბერა, რომ ჩემს თბილ ქურქშიც ვიგრძენი სიცივე, ერთი შევიშმუშნე და კარს ზემოთ მბჟუტავ ნათურას დავაკვირდი, რომელიც დიდი წვალების შემდეგ დანებდა და ჩაქრა. კატის კნავილი გავიგონე, ხმას მზერა გავაყოლე და სიბნელიდან მომავალი სილუეტი შევნიშნე. ის ნელ-ნელა გვიახლოვდებოდა. დედამ გასაღები იპოვა და ის-ის იყო, კარი უნდა გაეღო, რომ უცნობი მას დაეჯახა. ვერაფერს მივხვდი, ველოდებოდი მობოდიშებას, მაგრამ სანაცვლოდ ნამდვილი ბრძოლის ველი მივიღე: სილუეტი დედას ჩანთას ართმევდა, დედა კი არ ნებდებოდა. კატა კნაოდა, უცნობი იგინებოდა, მე ვყვიროდი, ნინო ტიროდა, დედა კი მამას ეძახდა. არ მახსოვს, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს სცენა, ალბათ რამდენიმე წამს, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემს გონებაში სამუდამოდ დაილექა. ის ოქროს აკვარიუმი დაიმსხვრა, რომელშიც იქამდე ვცხოვრობდი, უდარდელობის შეგრძნება სადღაც გაქრა. რასაკვირველია, ვიცოდი, რა ხდებოდა ჩემი სახლის გარეთ, მაგრამ ყველაფერი ეს ადრე არასდროს შემხებია; მე ჩემი დაცული სამყარო მქონდა, სიმღერებით, შოკოლადიანი ნამცხვრებითა და ყვითელი ფულით სავსე. ვერასდროს წარმომედგინა, რომ ტელევიზორის რეალობა ჩემი რეალობაც იყო. საბოლოოდ დედა დაეცა და უცნობი ჩანთით გაიქცა, მე მას გავეკიდე. არ მახსოვს, რას ვფიქრობდი, რომ დავწეოდი, რას ვიზამდი, მაგრამ რომ დავბრუნდი, საზეიმოდ გამოვაცხადე: დავეწეოდი ცხადია, მაგრამ ცოტა შორს იყო-მეთქი. 

სწორედ მაშინ, რვა წლის ასაკში მივხვდი, რომ საზოგადოების  ყველა წევრი ვალდებულია „თავის ქურდს“ გაეკიდოს, რათა საზოგადოება უკეთესი გახდეს. ადამიანის ვალდებულებაა, მხოლოდ სახლში კი არ შეიქმნას სიმყუდროვე, არამედ მის გარეთაც და არასდროს იყოს გულგრილი, რადგან ერთხელ ისიც შეიძლება აღმოჩნდეს მარტო ჩაბნელებულ სადარბაზოში და გასაღები ვერ იპოვოს.

ანა გვალია

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის თბილისის ამერიკული აკადემიის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე