კაცი რომ კაცს მისდევს
როცა ღამით ქუჩაში მისეირნობ და ხედავ, რომ საწინააღმდეგო მიმართულებით ვიღაც გამორბის, შენ ამ უცნობს ხელს არ სტაცებ, არ შეაჩერებ, თუნდაც სუსტი იყოს და ჩამოფლეთილიც, თუნდაც ვინმე მისდევდეს და ყვიროდეს, დააკავეთო... შენ უცნობს სირბილში ხელს არ შეუშლი... რადგან ღამეა და შენი ბრალი არაა, რომ ქუჩა მთვარის შუქითაა განათებული; ამას გარდა, იქნებ ისინი თავს იქცევენ ურთიერთდევნით, იქნებ ორივე ვიღაც მესამეს მისდევს; იქნებ პირველს უდანაშაულოდ გამოედევნენ; იქნებ მეორეს პირველის მოკვლა უნდა და შენ მკვლელობის თანამონაწილე ხომ არ გახდები?! იქნებ ამ ორმა ერთმანეთის არა იცის რა და ორივე თავისთვის გარბის საკუთარი სახლისაკენ; იქნებ ესენი მთვარეულები არიან; იქნებ პირველს იარაღიც აქვს თან... და ბოლოს, ნუთუ უფლება არ გვაქვს, გადაღლილნი ვიყოთ? განა ცოტა ღვინო არ დაგვილევია? და შენ გიხარია, რომ ორივე თვალს მიეფარა...
ფრანც კაფკა