საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საშუალო საფეხურის (მე-10, მე-11, მე-12 კლასების) მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე არის სამეურვეო საბჭოს წევრი და, შესაბამისად, მისი საშუალებით, მოსწავლეები ჩართულნი არიან ყველა იმ საკითხის მართვის პროცესში, რომელიც სამეურვეო საბჭოს ფუნქციონირებას განეკუთვნება (სკოლის ბიუჯეტისა და შინაგანაწესის დამტკიცება, დირექტორის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა, დირექტორის არჩევა თუ სხვა). ამდენად, კანონმდებლობა მოსწავლეებს საკმაოდ ფართო უფლებებს ანიჭებს, მაგრამ რამდენად არის ეს უფლებები ხარისხიანად რეალიზებული მოსწავლეების მიერ, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშანს ბადებს.
შესაძლოა, მოსწავლეებს არც გთხოვდნენ და გთავაზობდნენ აღნიშნული საკითხების მართვაში მონაწილეობას, ასევე, დიდი ალბათობით შეიძლება გავაკეთოთ პროგნოზი, რომ არც თქვენ, მოსწავლეები ითხოვთ საკუთარი უფლებების რეალიზებას ამ მიმართულებით.
პრაქტიკამ აჩვენა, რომ ახალგაზრდა თაობას, მათ შორის, კონკრეტულად, მოსწავლეებს სკოლის მართვის პროცესებში გააქტიურებისა და ჩართვისათვის სჭირდებათ გარკვეული ინიცირება/პროვოცირება, ხელშეწყობა და სათანადო გარემოს შექმნა და ამაში უფროსების, პედაგოგების, დირექციის წარმომადგენლების, მშობლების, მასმედიის, ზოგადად, საზოგადოების როლი მნიშვნელოვანია.