იმისათვის, რომ მოქალაქეებმა ქვეყნის მართვაში მიიღონ მონაწილეობა, დემოკრატიის პრინციპებს და მართვის პროცესში ჩართვის გზებსა და მექანიზმებს უნდა იცნობდნენ.
საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებას საქართველოს კონსტიტუციითა და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესების მეშვეობით ახორციელებენ.
ჩვენ უკვე ვიცით, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც კანონის მოთხოვნებს (ასაკი, ბინადრობა) აკმაყოფილებს, შეუძლია, არჩეული იყოს ადგილობრივ თვითმმართველობაში და ნებისმიერი თანამდებობა დაიკავოს იქ (პასიური საარჩევნო უფლება); ასევე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი, უფლება აქვს, მონაწილეობამიიღოს თვითმმართველობის არჩევნებში (აქტიური საარჩევნო უფლება).
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, მოითხოვოს ინფორმაცია, თუ რა პროგრამებსა და პროექტებს ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობა, რაში იხარჯება ბიუჯეტი და ასე შემდეგ.
ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობა დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა, თუმცა ხელისუფლების გამჭვირვალობა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ინფორმაციის გავრცელება.
ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად მოქალაქეებს მედიასთან თანამშრომლობაც დაეხმარება. ამ პროცესში მედია საზოგადოების მოკავშირეა. მოქალაქეებს შეუძლიათ, ჟურნალისტებთან ერთად იმუშაონ საჯარო უწყებებიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოთხოვასა და დამუშავებაზე; შეუძლიათ, მედიის დახმარებით ფართო აუდიტორიას აცნობონ მათ მიერ მომზადებული პეტიციის შესახებ; გამოიყენონ მედიის ტრიბუნა და ღიად და საჯაროდ ისაუბრონ იმ პრობლემებსა თუ საკითხებზე, რომელიც აღელვებთ ან რომელთა გადაჭრაც აუცილებლად მიაჩნიათ. მედიასთან ერთად მოქალაქეებს შეუძლიათ, უკეთ და სრულყოფილად განახორციელონ ადგილობრივი თვითმმართველობის კონტროლი -რეგულარულად მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად მიზნობრივად იხარჯება ბიუჯეტი; სწორად არის თუ არა მასში გათვალისწინებული თემისა და მოსახლეობის საჭიროებები; ჩართული არიან თუ არა მოქალაქეები მათივე პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის პროცესში და სხვ. ამგვარი თანამშრომლობა, ერთი მხრივ, მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში დროულად ჩაერიონ და საკუთარი უფლებების დაცვა და განხორციელება შეძლონ, მეორე მხრივ, კი ხელისუფლება მეტად ანგარიშვალდებული ხდება ამომრჩევლთა წინაშე.