ქვეყნის მოქალაქეები მონაწილეობენ როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში და მხარს იმ პოლიტიკურ ძალებსა და პოლიტიკოსებს უჭერენ, რომლებიც, მათი აზრით, საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრას შეძლებენ.
მაგრამ მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ საარჩევნო უბნებში მისვლა და სასურველი კანდიდატისათვის ხმის მიცემა საკმარისი არ არის.
იმისათვის, რომ ხელისუფლებამ კარგად იმუშაოს, აუცილებელია მოქალაქეთა მხრიდან თანამშრომლობა მასთან და, ამავე დროს, მუდმივი კონტროლი მის საქმიანობაზე. დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ჩვენ მიერ არჩეული ხელისუფლება ჩვენს მოთხოვნებს ითვალისწინებს და ჩვენ წინაშე არსებული საკითხების მოსაგვარებლად მუშაობს.
მოქალაქის მონაწილეობა მართვის (გადაწყვეტილების მიღების) პროცესში სხვადასხვა ფორმით გამოიხატება:
- ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ინფორმაციის ფლობით;
- მნიშვნელოვან პრობლემებზე მსჯელობით;
- სხვადასხვა საზოგადოებრივ შეკრებებსა თუ აქციებში მონაწილეობით.
ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მონაწილეობა შესაძლოა ისეთი მექანიზმების გამოყენებით, როგორიცაა:
- დასახლების საერთო კრების მოწვევა;
- პეტიციებზე ხელმოწერა;
- სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო;
- საკრებულოსა და მისი კომისიების სხდომებში მონაწილეობა;
- არჩეული პოლიტიკოსების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშ(ებ)ის მოსმენა და სხვ.