გაგრძელება

ამგვარი მრავალფეროვნების მიუხედავად, დასავლეთის მმართველობითი სტრუქტურების განვითარებაში აშკარად შეიმჩნევა ცენტრალური ხელისუფლების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის სულ უფრო და უფრო მეტი უფლების გადაცემის ტენდენცია. თვითმმართველობების ყოველდღიურ საქმიანობაში სახელმწიფო უშუალოდ არ ერევა. ამავე დროს იგი ინარჩუნებს ზედამხედველობის უფლებას, რათა რომელიმე თვითმმართველობის ქმედება საერთო-ეროვნულ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში არ აღმოჩნდეს. ამ მხრივ ევროპის ქვეყნები, აშშ-სა და სხვა განვითარებულ ქვეყნებთან ერთად, საკმაოდ დაწინაურებულნი არიან. ამის დასტურია დოკუმენტის _ „ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ _ შექმნა, რომელსაც 1985 წელს სტრასბურგში მოეწერა ხელი. ქარტიაში ჩამოყალიბებულია თვითმმართველობის საქმიანობის გარანტიები და ამ პრინციპების გაზიარება ყველა ევროპული ქვეყნისთვის სავალდებულოა.