დისკუსიის წარმართვის ხერხები

გაეცანით დისკუსიის წარმართვის ხერხებს:

  1. ყოველთვის გახსოვდეთ დისკუსიის მიზნები – უნდა იპოვოთ ჭეშმარიტება, გამოსავალი, გადაჭრათ პრობლემა. უნდა განიხილოთ მხოლოდ ის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია მოცემულ თემასთან. არაფრისმომცემი მოგონებები, წუხილი, არაზუსტი შედარებები ზრდილობიანად შეწყვიტეთ. ეცადეთ, განხილვა არ ასცდეს თემას. ასევე, არ დაუშვათ, მხარეები ეცადონ უპირატესობის დამტკიცებას. ისწრაფეთ არა გამარჯვებისკენ, არამედ ჭეშმარიტებისაკენ.
  2.  პატივისცემით მოეპყარით სხვა ადამიანის შეხედულებას. ნებისმიერი აზრი არის კონკრეტული პიროვნების შეხედულება. მიუხედავად თქვენი შეხედულებისგან განსხვავებისა, მას აქვს არსებობის უფლება. არ აწყენინოთ სხვა ადამიანს და არ უწოდოთ მის შეხედულებებს მცდარი, მიუღებელი, სასაცილო. სანამ დისკუსია არ დასრულებულა, ნებისმიერი თვალსაზრისი შესაძლებელია მისაღები იყოს. დისკუსიის ბოლოს შეიძლება სრულიად მიუღებელი თვალსაზრისი აღმოჩნდეს სწორი.
  3.  ნებისმიერი გამოთქმული აზრი, შეხედულება არგუმენტებით უნდა იქნეს გამყარებული. სწორედ ამით განსხვავდება დისკუსია კამათისგან. მოსაუბრემ ფაქტებით უნდა დაამტკიცოს, რატომ მიიჩნევს ამა თუ იმ მოსაზრებას სწორად. გამოთქმები: მე ასე ვფიქრობ, მე მიმაჩნია, ყოველთვის ასე იყო, არგუმენტებად არ შეიძლება ჩაითვალოს. 
  4. პატივი ეცით ნებისმიერი ადამიანის მოსაზრებას. ზოგჯერ ცნობილი, ავტორიტეტული ადამიანის მოსაზრება თავიდანვე ითვლება სწორად მხოლოდ ამ პიროვნების სტატუსიდან (პროფესორი, მკვლევარი) გამომდინარე. მოუსმინეთ მათ, მაგრამ დაეყრდენით რეალურ ფაქტებს. მოიძიეთ ახალი მიდგომები გადაუჭრელ პრობლემასთან დაკავშირებით.
  5.  შეინარჩუნეთ მეგობრული ტონი.
  6.  მიმართეთ მოსაუბრეს სახელით ან რაიმე ზრდილობიანი ფორმით (კოლეგა, ოპონენტი). თქვენი ოპონენტი არ არის თქვენი პირადი მტერი, ის არის სხვა შეხედულების მქონე პიროვნება. არ დაუშვათ მოსაუბრის პიროვნული შეურაცხყოფა.
  7. არ იკამათოთ მხოლოდ იმისთვის რომ იკამათოთ. არ დაუშვათ დისკუსიის კამათში გადაზრდა და ურთიერთობის გარკვევა. გახსოვდეთ, კამათის მიზანია სიმართლის დამტკიცება, ხოლო დისკუსიისა – სწორი გადაწყვეტილების პოვნა, სიტუაციიდან გამოსვლა.