ის ძალიან უყვარდათ სტუდენტებს, მის გვერდით იყო მშვენიერი ელენ, რომელსაც ის უყვარდა და ესმოდა მისი. შვაიცერი მეტად ააღელვა წაკითხულმა შეტყობინებამ, მაგრამ ... გადაწყვეტილება მიიღო და დამშვიდდა.
1905 წელს შვაიცერმა მეგობრებს განუცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს, მიიღოს სამედიცინო განათლება და ექიმად წავიდეს აფრიკაში. მან დაიწყო თანხის შეგროვება ლამბარენეს საავადმყოფოსათვის. ფულის ძირითად წყაროს მის მიერ ფილოსოფიასა და მუსიკათმცოდნეობაში დაწერილ წიგნთა გამოცემა წარმოადგენდა. ის დაუკავშირდა საფრანგეთის წითელი ჯვრის მისიას, რომელმაც ითავა საავადმყოფოს აშენება.
1913 წლის გაზაფხულზე შვაიცერი, უკვე მედიცინის დოქტორი, მეუღლესთან (მას მედდების კურსები ჰქონდა გავლილი) ერთად გაემგზავრა გაბონში. საავადმყოფოს მშენებლობა ჯერ დაწყებულიც არ იყო. ექიმი იღებდა ავადმყოფებს და პარალელურად აშენებდა საავადმყოფოს. წელიწადში ერთხელ ჩადიოდა ევროპაში და კითხულობდა ლექციებს მუსიკათმცოდნეობაში და თავისი საავადმყოფოს შესახებ. ამით მიღებულ შემოსავალს ახმარდა საავადმყოფოს და აცნობდა მას მსოფლიოს. ამის შედეგად ბევრმა გაუწია დახმარება ლამბარენეს საავადმყოფოს. 1924 წლიდან შვაიცერს მუდმივად ეხმარებოდნენ ევროპიდან მორიგეობით ჩამოსული ექიმები.