საკრებულოს წევრები ირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს/მოადგილეებს, საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეებს. არჩევნების წესი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით არის განსაზღვრული.
მოსახლეობის მიერ პირდაპირ არჩეული მერი თვითმმართველობის უმაღლესი თანამდებობის პირია. სწორედ იგი წარმოადგენს ადგილობრივ თვითმმართველობას საზოგადოების, ცენტრალური ხელისუფლებისა თუ სხვა პირთა წინაშე.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამუშაო და საქმის წარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა.
კანონის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოთა გამოყენების წესის დაცვით, თვითმმართველ ერთეულს აქვს გერბი და დროშა. თვითმმართველი ერთეულის გერბს და დროშას, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე და მისი თანხმობით, ადგენს თვითმმართველი ერთეულის საკრებულო.