წაიკითხეთ მეხუთე ნაწყვეტი და უპასუხეთ მოცემულ კითხვებს.
ნაწყვეტი 5
უმთავრესნი საფუძველნი თვითმმართველობისანი არიან:
1. ხმა და არჩევის უფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველს ადგილობრივს მცხოვრებსა, რაკი სრულწლოვანია; მაშასადამე ყოველს მოვალეობაშიაც ყოველს მცხოვრებს წილი უნდა ედვას;
2. ადგილობრივის სამმართველოს ხელქვევით უნდა იყვნენ ყოველნი, ვინც კი სამმართველოს წრეში სცხოვრობს; აქ, როგორც პირველს შემთხვევაში, წოდებათა შორის განყოფილება და ხარიხების გადება მავნებელია და თვითმმართველობის ბუნების წინააღმდეგია;
3. ადგილობრივი მოსამართლენი, აგრეთვე მოხელენიცა, უნდა ამოირჩიონ ადგილობრივთა მცხოვრებთა;
4. ყოველივე ადგილობრივის თანამდებობის მექონი კაცი პასუხისმგებელი უნდა იყოს წინაშე საზოგადო სამართლისა და სამსჯავროსა და არა თვისთა უფროსთა წინაშე.
... ჩვენ გვგონია, რაცა ვსთქვით, ეგეც სამყოფი საბუთი იყოს, რომ ხელახლად გადისინჯოს ყოველივე კანონმდებლობა ამ საგანზედ, თუ სოფლის კეთილგანწყობა ვისთვისმე სასურველია, და ვისთვის არ უნდა იყოს სასურველი! ეს კია, რომ მარტო სოფელი, როგორც ნაბოლოვარი რგოლი რთულის ჯაჭვისა, ვერ ასაზრდოებს თვითმმართველობას, თუ მარტო სოფელში დაიწყება და სოფელშივე ჩაწყდება. სოფელს მაზრა უნდა მოჰყვეს, მაზრას _ გუბერნია...
... ეხლა ვსთქვათ, რომ ჩვენი ხალხი ვითომ მართლა მოუმზადებელია. მაშ, ვინც მოუმზადებელია, თავის-დღეში აღარ უნდა მომზადდეს? ხალხს რა ამზადებს? სწავლა, ვარჯიშობა, გამოცდილება, იმ საქმეში ჩაყენება, რისთვისაც მომზადება საჭიროა. კაცს ხელ-ფეხს უკრავთ, და ვეუბნებით-კი, ჭიდილი ისწავლეო; ხალხს მოსამართლის აღმორჩევის ნებას არ ვაძლევთ და ვეუბნებით-კი, ისწავლე კაი მოსამართლეების ამორჩევაო. ეს იმასა ჰგავს: ცურვა ისწავლეო და წყალში-კი ნუ შეხვალო; გზა გაიარეო და შინიდამ ფეხს-კი ნუ გასდგამო. ამ სასწაულთმოქმედებას ხალხი ვერ იზამს ... ხალხისათვის მიუცილებლად საჭიროა, რომ მის საყოველდღეო წვრილმან საქმეებისათვის მომრიგებელი მოსამართლე რაც შეიძლება მახლობლად ჰყვანდეს ...