ამ საფეხურის მიზანია, რომ თქვენ, თქვენმა თანაკლასელებმა და თემის წარმომადგენლებმა საერთო ძალისხმევით მოიძიოთ და ერთმანეთს გაუზიაროთ, რა იცით თქვენს თემში არსებული პრობლემების შესახებ. ეს დაგეხმარებათ, მიიღოთ სათანადო ინფორმაცია იმისათვის, რომ გონივრულად შეარჩიოთ საპროექტო წინადადებისთვის შესაფერისი პრობლემა. ასევე პროექტზე მუშაობის ამ ეტაპზე უნდა განსაზღვროთ, რომელი სამთავრობო სტრუქტურაა პასუხისმგებელი ამ პრობლემაზე.
1. დაიყავით 4-5 კაციან ჯგუფებად.
2. მოიძიეთ თქვენს სკოლაში, თემში, უბანში არსებული აქტუალური პრობლემები. პრობლემები შეგიძლიათ შეარჩიოთ შემდეგი კატეგორიებიდან:
- თემში არსებული პრობლემები;
- საერთო, საზოგადო პრობლემები;
- პრობლემები სკოლაში;
- თქვენი თანატოლების პრობლემები.
3. ჯგუფში შეაჯერეთ ინფორმაცია, რა იცით შერჩეული პრობლემის შესახებ ან რა გაიგეთ მასზე. ჩაატარეთ ინტერვიუები თქვენს მშობლებთან, მეზობლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებსაც გადასაჭრელ პრობლემასთან აქვთ კავშირი. გაარკვიეთ, რა იციან შერჩეული პრობლემის შესახებ და რა დამოკიდებულება აქვთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
4. ინფორმაციის შესაგროვებლად, გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული ინტერვიუს კითხვარი.
5. მოპოვებული მასალა შეაგროვეთ, რომ შემდეგ მოათავსოთ პორტფოლიოში. სწორედ პორტფოლიოში არსებულ მასალაზე დაყრდნობით შექმნით პროექტს.
ქვემოთ მოცემულია პრობლემის განსაზღვრისა და ანალიზის, ინტერვიუსა და მედიასაშუალებების დაკვირვების ფორმები. ისინი გამოგადგებათ როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური მუშაობისთვის, როგორც ინფორმაციის შეგროვების პროცესში, ასევე – ამ ინფორმაციის ურთიერთგაზიარებისას.