დასკვნაში მოკლედ უნდა იყოს მოცემული ყველა ძირითადი საკითხი. პრეზენტაციისთვის მომზადებისას გაიარეთ რამდენიმე რეპეტიცია (მარტომ, ამხანაგების წინაშე, მასწავლებლის წინაშე). რეპეტიციის დროს ჯგუფის შეკრებაზე (ან გაკვეთილზე) უნდა დანაწილდეთ ისე, რომ თუ პრეზენტაციას ჯგუფის ერთი ან რამდენიმე წევრი აკეთებს, დანარჩენებმა აუდიტორიის როლი შეასრულოთ. აუდიტორიის თითოეულმა წევრმა გამოიყენეთ დანართ 10-ში მოცემული შეფასების ფურცელი (გადაიტანეთ ცხრილი რვეულში ან ფურცელზე). პრეზენტაციის მსვლელობისას მონიშნეთ შესაბამისი გრაფები. დაწერეთ შენიშვნები მოკლედ, ისე, რომ პრეზენტაციას არ ჩამორჩეთ, მაგრამ მერე ჩანაწერის მიხედვით შენიშვნა გაიხსენოთ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ერთად განიხილეთ შეფასება და შენიშვნები. საჭიროების შემთხვევაში დაგეგმეთ შესწორებები ან ცვლილებები. ისაუბრეთ ხმამაღლა და მკაფიოდ. ყველა უცნობი სიტყვა განმარტეთ. თემას არ გადაუხვიოთ. გამოყენებული თვალსაჩინოებები პირდაპირ კავშირში უნდა იყოს თემასთან და უადვილებდეს აუდიტორიას ინფორმაციის აღქმას. პრეზენტაციის ხანგრძლივობა პირობითია, მაგრამ მსმენელი არ უნდა დაიღალოს. დასმულ შეკითხვებს მოკლედ და გასაგებად უპასუხეთ.
პრეზენტაციის მომზადების დაწყებამდე შეადგინეთ მოკლე გეგმა. თუ პროექტი ითხოვს, პრეზენტაციის გარდა იფიქრეთ რეკლამის შესაძლებლობაზე.