კრეგი მიხვდა, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა ბავშვსაც კი შეუძლია. მან, თავის 11 თანაკლასელთან ერთად, ჩამოაყალიბა ორგანიზაცია, რომლის ფრანგული სახელწოდება „Enfants Entraide” სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც “ბავშვების ურთიერთდახმარება”, ხოლო ინგლისური “Free the Children” კი – როგორც “გაათავისუფლეთ ბავშვები”. ორგანიზაცია მიზნად ისახავს, გაათავისუფლოს ბავშვები სიღარიბისა და ექსპლუატაციისაგან. კრეგის იდეა თოვლის გუნდასავით აგორდა. კრეგმა ბევრი ქვეყანა მოიარა, სადაც საშინელ პირობებში მყოფი ბავშვები ინახულა და მათი ამბავი დანარჩენ მსოფლიოს გააცნო. მას მსოფლიოში ბევრი პარტნიორი და გულშემატკივარი ჰყავს. ზოგი ფინანსურ დახმარებას უწევს, ზოგი – პროფესიულს. ბევრი ადამიანი ცდილობს ორგანიზაციის გზავნილის გავრცელებას და მისი მიზნების ახსნას. „გაათავისუფლეთ ბავშვები“ ახორციელებს პროგრამებს ერთ მილიონზე მეტი ბავშვისათვის მსოფლიოს 45 ქვეყანაში. პროგრამები ამ ბავშვებს აძლევენ საშუალებას, მიიღონ განათლება, ხოლო მათ ოჯახებს ხელს უწყობენ სიღარიბის დაძლევაში, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში (გაჰყავთ სასმელი წყალი იმ სოფლებში, სადაც წყალი არ არის და ბავშვები შორიდან ეზიდებიან), დახმარებას უწევენ საავადმყოფოებს. უკიდურესი გაჭირვებიდან თავის დაღწევა და სკოლაში განათლების მიღების შესაძლებლობა აძლევს ოჯახებს საშუალებას, არ დაუშვან შვილების მუშაობა მცირეწლოვან ასაკში.